საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ერთად სახლში საბოლოო ანგარიში 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მონიტორინგის შედეგების შესახებ

1. შესავალი

როგორც იცით, ემიგრანტების არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად სახლში (Gemeinsam Zuhause e.V.) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დარეგისტრირდა საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად და ამ სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგი გაუწია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

ჩვენი სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 172 დამკვირვებლისგან საქართველოში და საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, თურქეთში და უკრაინაში.

განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ჩვენმა ორგანიზაციამ დააფიქსირა მთელი რიგი დარღვევები როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში. განსაკუთრებულად მძიმე, სერიოზულ და სისტემური ხასიათის დარღვევად მიგვაჩნია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უცხოური IP მისამართებისთვის დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დაბლოკვა და უცხოური მოქალაქეობის მქონე დამკვირვებლების დარეგისტრირების პროცესის შეფერხება, რასაც ჩვენ ვაფასებთ როგორც ცესკო მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის გამიზნულად შექმნილ ბარიერებს. ეს და ჩვენს ანგარიშში მოყვანილი სხვა ბარიერები საგრძნობლად აფერხებდა ჩვენს მუშაობას და ჩვენი მონიტორინგის მისიის მომზადებას საფრთხის ქვეშ აყენებდა.

გარდა ამისა ნეიტრალიტეტის და მონაცემთა დაცვის რეგულაციების დარღვევად ვაფასებთ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, როდესაც მან საარჩევნო სუბიექტს ქართულ ოცნებას გადასცა ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რასაც ცესკო-ში ჩვენი დარეგისტრირებისთანავე მყისიერად მოჰყვა ქართული ოცნების მხრიდან ჩვენი მისამართით პროპაგანდისტული და ხშირად არაკორექტული ინფორმაციების შემცველი გამოცემების ე. წ. GD Weekly Election Bulletin-ის და Ad-hoc Daily Chronicle-ს დღეში რამდენჯერმე გამოგზავნა. აღნიშნული გამოცემების, რომლებიც დიდი ალბათობით ასევე სისტემატურად ეგზავნება სხვა საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმაცია და საქართველოს საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების შემოტანა.

ჩვენი დამკვირვებლების მიერ ასევე დაფიქსირდა შემდეგი სერიოზული ხასიათის დარღვევები, რომელთაგან ბევრი სისტემურ ხასიათს ატარებდა:

  • შეუსაბამობა მიღებული ბიულეტენების, კონვერტების და დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას შორის
  • პრობლემები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით
  • ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა
  • პოლიტიკური აგიტაცია საარჩევნო უბანზე
  • ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე
  • დამკვირვებლების უფლებების დარღვევა
  • მარკირების წესების დარღვევა

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საქართველოს 15-დან 13 უბანში და საზღვარგარეთის 19-დან 19-ივე უბანში, სადაც ჩვენი დამკვირებლების მიერ მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში ხორციელდებოდა უწყვეტი მონიტორინგი, დამაჯერებლად გაიმარჯვეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები კი სრულიად სხვა სურათს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სააჩევნო უბნების რაოდენობის სიმცირის გამო რთულია აღნიშნულ უბნებზე დაფიქსირებული შედეგების ექსტრაპოლაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, დარღვევების სისტემური ხასიათიდან გამომდინარე რჩება ბევრი კითხვა და საფუძვლიანი ეჭვები არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

ჩვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევების და საარჩევნო გარემოს გაანალიზების საფუძველზე ჩვენ ვერ შევაფასებთ 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს როგორც თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარებულ არჩევნებს. დამკვირვებლებისთვის ბარიერების შექმნა, მათი უფლებების დარღვევა, დისბალანსი მიღებული ბიულეტენების და დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას შორის, სერიოზული პრობლემები საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და პოლიტიკური აგიტაცია საარჩევნო უბანზე არ შეესაბამება დემოკრატიულ სამყაროში არჩევნების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. გარდა ამისა სერიოზული და მძიმე დარღვევები, რომლებიც ახლდა აღნიშნულ არჩევნებს, იწვევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ამომრჩევლების ნდობის გაუარესებას, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მომავალ არჩევნებზე.

ქვემოთ გაგაცნობთ ჩვენი დამკვირვებლების მიერ საქართველოს და საზღვარგარეთის ხვადასხვა საარჩევნო უბნიდან მოწოდებულ დაწვრილებით ინფორმაციას არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის შესახებ.

2. არჩევნების შედეგები უბნების მიხედვით, სადაც ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელდა სადამკვირვებლო მონიტორინგი

2.1    საზღვარგარეთის უბნები

არჩევნები 2020 შედეგები საზღვარგარეთის უბნებიდან ცალკეული უბნების მაჩვენებელი გრაფიკი

დიაგრამა 1. ამომრჩევლების ხმების განაწილება საზღვარგარეთის უბნების მიხედვით, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო მონიტორინგი.

2.2    ბათუმის უბნები

არჩევნები 2020 შედეგები ბათუმის უბნებიდან ცალკეული უბნების მაჩვენებელი გრაფიკი

დიაგრამა 2. ამომრჩევლების ხმების განაწილება ბათუმის უბნების მიხედვით, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო მონიტორინგი.

2.3 ახმეტის უბნები

არჩევნები 2020 შედეგები ახმეტის უბნებიდან ცალკეული უბნების მაჩვენებელი გრაფიკიg

დიაგრამა 3. ამომრჩევლების ხმების განაწილება ახმეტის უბნების მიხედვით, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო მონიტორინგი.

3. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებული დარღვევები

ჩვენს მიერ დაფიქსირდა სხვდასხვა სერიოზული და შედარებით მსუბუქი ხასიათის დარღვევა.

3.1    წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები

ჩვენი მისიის მომზადების დროს დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები ასევე პრობლემები და ბარიერები, რომლებსაც წავაწყდით ცესკო-ს მხრიდან ელექტრონული რეგისტრაციის სისტემასთან დაკავშირებით და რომლებიც საგრძნობლად აფერხებდა ჩვენს მუშაობას და ჩვენი მონიტორინგის მისიის მომზადებას საფრთხის ქვეშ აყენებდა:

  • დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის ვებგვერდი, რომლით სარგებლობის უფლებაც გვქონდა ოფიციალურად, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან იყო მიუწვდომელი და საზღვარგარეთის IP მისამართებისთვის დაბლოკილი. აღნიშნულ გვერდზე წვდომა ცესკო-მ მოგვცა მხოლოდ ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგ ერთი კვირის დაგვიანებით და მხოლოდ ერთი IP მისამართიდან. ამ შეზღუდვების შესახებ არ იყო ნახსენები არც ცესკო-ს ვებგვერდზე და არც ელექტრონული ურთიერთობის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ხელშეკრულებაში, რომელსაც ჩვენ ცესკო-სთან ერთად ხელი მოვაწერეთ. 
  • დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა მუშაობდა სერიოზული ხარვეზებით. უდიდესი პრობლემები შეგვხვდა საზღვარგარეთის მოქალაქეობის მქონე დამკვირვებლების დარეგისტრირების პროცესში. აღნიშნული ფუნქცია იყო გათიშული და ასევე მხოლოდ ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგ მოხდა მისი გააქტიურება.

აღნიშნულ დარღვევებს ვაფასებთ როგორც ცესკო-ს მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის გამიზნულად შექმნილ სისტემური ხასიათის ბარიერებს.

  • პრობლემები იყო ასევე ამომრჩევლების სიების მოპოვების პროცესშიც. ჩვენი მოთხოვნის და განცხადების მიუხედავად საქართველოს ამომრჩევლების ერთიანი სიის გადმოცემა ცესკო-ს მხრიდან არ მომხდარა.
  • პრობლემები დავაფიქსირეთ ასევე უცხოეთის უბნებზე მყოფი დამკვირვებლების სამკერდე ნიშნის ჩასადები ბუდეებით უზრუნველყოფის საკითხში. მიუხედავად ცესკო-ს დაპირებებისა, რომ ყველა დამკვირვებელს შეეძლებოდა არჩევნების წინა დღეებში უცხოეთის საარჩევნო უბნებში სამკერდე ნიშნის ჩასადები ბუდეების მიღება, აღნიშნული ბუდეების გაგზავნა უცხოეთის უბნებზე საერთოდ არ მოხდა და ამ პრობლემის შესახებ გახდა მხოლოდ ცნობილი არჩევნების წინა დღეს.

3.2    არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები

  • საარჩევნო უბნის დაგვიანებული გახსნა

    პარიზი, Nr. 42 უბანი

  • პროცედურული დარღვევები

    – ქუთაისის Nr. 23.59.111 უბანზე ბიულეტენებზე არ ხდებოდა ბეჭდის დასმა
    – იტალიის ქალაქ ბარში Nr. 28 უბანზე და ქალაქ რომში Nr. 27 უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება არ მოხდა კენჭისყრით
    – მადრიდის Nr. 19 უბანზე არჩევნების დაწყებამდე საარჩევნო ყუთი დაილუქა შეცდომით ყუთის ღრიჭოს დასალუქი ლუქით

  • შეუსაბამობა მიღებული ბიულეტენების, კონვერტების და დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას შორის

    – ბიულეტენების და კონვერტების რაოდენობა ყველა უბანზე როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ძირითადად ნაკლები იყო დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობასთან შედარებით, რომის Nr. 27 უბანზე კი პირიქით მეტი ბიულეტენი და კონვერტი ჰქონდათ მიღებული დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით (1147 ამომრჩეველი 2012 ბიულეტენი). აღნიშნულის შესახებ დაიწერა საჩივრები და მოხდა ჩანაწერების წიგნში ჩაწერა. აღნიშნული დარღვევა ასევე ატარებდა სისტემურ ხასიათს.

  • პრობლემები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით

    – უცხოეთის უბნებზე (ბარი Nr. 28 უბანი, ბერლინი Nr. 14 უბანი, ფრანკფურტი Nr. 15 უბანი, ბრიუსელი Nr. 12 უბანი) ბევრი ამომრჩეველი არ აღმოჩნდა ამომრჩეველთა სიებში მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღნიშნავდნენ, რომ გაიარეს საკონსულო რეგისტრაცია ან საკონსულოდან ტელეფონით საუბრის დროს მიიღეს დასტური, რომ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
    – გარდაცვლილი ადამიანი აღმოჩნდა სიაში ბერლინის Nr. 14 უბანზე
    – ბათუმის Nr. 28.79.21 უბანზე ხმას აძლევდნენ ამომრჩევლები რომლებიც კოვიდინფიცირებულთა სიაში აღმოჩდნენ

  • ხმების დათვლის პროცესის გახანგრძლივება

    – ბათუმის რიგ საარჩევნო უბნებში გაურკვეველი მიზეზების გამო დილამდე გაგრძელდა ხმების დათვლის პროცედურები

  • ელექტრო ენერგიის გათიშვა საარჩევნო უბანზე

    – სამეგრელოში, ხობის Nr. 26.66.15 და Nr. 26.66.16 უბნებზე მოულოდნელად მცირე დროით გაითიშა ელექტროენერგია

  • ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა

    – ბათუმში Nr. 28.79.20 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იყო შუა ოთახში დამონტაჟებული ისე, რომ უკანიდან ჩანდა ხმის მიცემის კაბინაში შესული ამომრჩეველი
    – ქუთაისში Nr. 23.59.111 საარჩევნო უბანი მოწყობილი იყო სარკეებიან დარბაზში, სადაც სარკეების საშუალებით ადვილად შეიძლებოდა კაბინაში შესული ამომრჩევლის დანახვა
    – თბილისში ნაძალადევის Nr. 07.09.12 უბანზე ამომრჩევლები ხმის მიცემის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გასაგონად ხმამაღლა აფიქსირედნენ თავიანთ არჩევანს და იძახდნენ საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს საარჩევნო ნომერს „41“-ს. აღნიშნულით დაირღვა არჩევნების ფარულობის პრინციპი, ხდებოდა აგიტაცია საარჩევნო უბანზე და აგრეთვე არსებობს ეჭვი, რომ ეს ხდებოდა ძალდატანებით, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებაზე მიანიშნებს.

  • პოლიტიკური აგიტაცია საარჩევნო უბანზე და ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე

    – ახმეტის რაიონში სოფელ ზემო ალვანში Nr. 10.18.06 უბანი გახსნილი იყო საარჩევნო სუბიექტის „Nr. 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს საარჩევნო შტაბის წინ, სადაც მოთავსებული იყო სააგიტატიო პლაკატები
    – ქუთაისის Nr. 23.59.116 უბანზე მამაკაცი, რომელსაც ეცვა საარჩევნო სუბიექტის „Nr. 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სიმბოლიკიანი მაისური, თავისუფლად გადაადგილდებოდა უბანზე და მას მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება
    – ქუთაისში Nr. 23.59.106 საარჩევნო უბნის შესასვლელთან განუწყვეტლივ ისხდნენ საარჩევნო სუბიექტის „Nr. 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს აგიტატორები, რომლებიც ახორციელებდნენ, პარტიულ აგიტაციას, ამომრჩევლების კონტროლს და მათზე ზემოქმედებას. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ისინი არ ტოვებდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიას

  • დამკვირვებლების უფლებების დარღვევა

    – რომის Nr. 27 უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ საარჩევნო უბანზე
    – ჩვენს ორ საერთაშორისო დამკვირვებელს არ უშვებენ ერთდროულად ქუთაისის Nr. 23.59.108 საარჩევნო უბანზე
    – ბერლინის Nr. 14 უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს აუკრძალეს ვიდეო გადაღების განხორციელება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მათ ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესის მონიტორინგის შესრულებაში. გარდა ამისა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და უბნიდან გაძევების მუქარებს.
    – ქალაქ ბათუმის ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან ხდებოდა ჩვენი დამკვირვებლების მუშაობის შეზღუდვა და საარჩევნო პროცესის მონიტორინგის შესრულებაში ხელის შეშლა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ცდილობდნენ ჩვენი დამკვირვებლები დაერწმუნებინათ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე დაეტოვებინათ საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი ჩვენი დამკვირვებლების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და უბნიდან გაძევების მუქარებს.
    – ქალაქ ბარის Nr. 28 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ დამკვირვებელს უარი უთხრა საჩივრის დაწერაზე
    – დამკვირვებლები, რომლებიც ბათუმში Nr. 28.79.20 უბანზე აპროტესტებდნენ დარღვევას, კერძოდ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლისთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მიცემას, პოლიციის ძალით გააძევეს უბნიდან საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის მიზეზით
    – დარღვევების გაპროტესტების გამო დამკვირვებელი ასევე გამოაძევეს თბილისის მთაწმინდის უბნიდან
    – თბილისში ნაძალადევის Nr. 07.09.12 უბანზე დამკვირვებლს არ აძლებდნენ უფლებას გაჰყოლოდა გადასატან ყუთს. მხოლოდ არაერთი დაჟინებული მოთხოვნის მერე მიეცა მას საშუალება თან გაჰყოლოდა გადასატან ყუთს საუბნო საარჩევნო კომისიის ორ წევრთან ერთად.
    აღნიშნული დარღვევების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამკვირვებლების უფლებების დარღვევები ატარებდა სისტემურ ხასიათს.

  • მარკირების წესების დარღვევა

    – ახმეტის რაიონში სოფელ ზემო ალვანში Nr. 10.18.07 და Nr. 10.18.27 უბნებზე Nr. 5 ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მხარდამჭერ ამომრჩევლებს უკეთებდნენ მარკირებას სიაში შემოწმებამდე. სიაში შემოწმების შედეგად აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს ამომრჩევლები სიაში არ იმყოფებოდნენ და სხვა უბანზე უნდა მიეცათ ხმა, რაც შეუძლებელი იყო, რადგან მათ წესების დარღვევით ჰქონდათ უკვე მარკირება გაკეთებული. მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე თბილისში სამგორის Nr. 05.06.106 უბანზე.
    – ბათუმის Nr. 28.79.90 უბანზე მარკირების მქონე ამომრჩეველს მისცეს ხმის მიცემის უფლება

  • ბიულეტენების ბათილად ჩათვლის წესების დარღვევა

    – რომის Nr. 27 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისია ბათილად სცნობდა ბიულეტენებს იმ საბაბით, რომ არჩევანის დაფიქსირება მოხდა მუქი ფერის კალმით

  • ფიზიკური შეურაცხყოფა

    – იტალიის ქალაქ ბარის Nr. 28 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მუშტი გაარტყა ამომრჩეველს

  • პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გადაღება

    – ბერლინის Nr. 14 აარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენელი „Berliner Telegraph“-დან ახორციელებდა პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გადაღებას, რის გამოც დაიწერა საჩივარი. გარდა ამისა იგივე პიროვნება საარჩევნო უბანზე იწვევდა ხალხს პოლიტიკური შინაარსის დისკუსიებში.

3.3 არჩევნების შემდგომ დღეებში დაფიქსირებული დარღვევები

  • დამკვირვებლების უფლებების დარღვევა
    – 2020 წლის 5 ნოემბერს საბურთალოს მე-3 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ დააპატიმრეს ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ითხოვდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებას. მასზე პოლიციის მხრიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე განხორციელდა ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას არაერთხელ განუმარტა, რომ ის იყო საერთაშორისო დამკვირვებელი, იგი მხოლოდ პოლიციის ხელმძღვანელობასთან პოლიციელების მიერ განხორციელებული რამდენიმე ზარის შემდეგ გაანთავისუფლეს. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს დამკვირვებლის უფლებების უხეშ დარღვევას.

2021 წლის 16 თებერვალი