საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის „ერთად სახლში“ წინასწარი ანგარიში 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მონიტორინგის შედეგების შესახებ
მოგესალმებით ჩვენო თანამემამულეებო საქართველოში, ჩვენო ემიგრანტებო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, როგორც იცით, ემიგრანტების არასამთავრობო ორგანიზაცია #ერთადსახლში (Gemeinsam Zuhause e.V.) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დარეგისტრირდა საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად და ამ სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგი გაუწია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 172 დამკვირვებლისგან საქართველოში და საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, თურქეთში და უკრაინაში. ჩვენი ორგანიზაციის სახელით დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ დამკვირვებელს აქტიური და ხშირ შემთხვევაში რთულ პირობებში შესრულებული მუშაობისთვის. ქვემოთ გაგაცნობთ ჩვენი დამკვირვებლების მიერ საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან მოწოდებულ ინფორმაციას არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის შესახებ.
1. არჩევნების შედეგები უბნების მიხედვით, სადაც ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელდა სადამკვირვებლო მონიტორინგი
1.1 საზღვარგარეთისუბნები
დიაგრამა 1. ამომრჩევლების ხმების განაწილება საზღვარგარეთის უბნების მიხედვით, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო მონიტორინგი.
1.2 ბათუმის უბნები
დიაგრამა 2. ამომრჩევლების ხმების განაწილება ბათუმის უბნების მიხედვით, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო მონიტორინგი.
1.3 ახმეტის უბნები
დიაგრამა 3. ამომრჩევლების ხმების განაწილება ახმეტის უბნების მიხედვით, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა სადამკვირვებლო მონიტორინგი.
*ოპოზიციურ პარტიებში დაანგარიშებულია შემდეგი პარტიების და საარჩევნო ბლოკების მონაცემები: Nr. 2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, Nr. 5 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალაერთობაშია“, Nr. 10 „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, Nr. 17 „ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო“, Nr. 24 „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, Nr. 27 ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, Nr. 36 „გირჩი“, Nr. 56 „ლელო – მამუკახა ზარაძე“.
2. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებული დარღვევები
ჩვენს მიერ დაფიქსირდა სხვდასხვა სერიოზული და შედარებით მსუბუქი ხასიათის დარღვევა.
2.1 წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები
ჩვენი მისიის მომზადების დროს დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები ასევე პრობლემები და ბარიერები, რომლებსაც წავაწყდით ცესკო-ს მხრიდან ელექტრონული რეგისტრაციის სისტემასთან დაკავშირებით და რომლებიც საგრძნობლად აფერხებდა ჩვენს მუშაობას და ჩვენი მონიტორინგის მისიის მომზადებას საფრთხის ქვეშ აყენებდა:
- დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის ვებგვერდი, რომლით სარგებლობის უფლებაც გვქონდა ოფიციალურად, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან იყო მიუწვდომელი და საზღვარგარეთის IP მისამართებისთვის დაბლოკილი. აღნიშნულ გვერდზე წვდომა ცესკო-მ მოგვცა მხოლოდ ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგ ერთი კვირის დაგვიანებით და მხოლოდ ერთი IP მისამართიდან. ამ შეზღუდვების შესახებ არ იყო ნახსენები არც ცესკო-ს ვებ გვერდზე და არც ელექტრონული ურთიერთობის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ხელშეკრულებაში, რომელსაც ჩვენ ცესკო-სთან ერთად ხელი მოვაწერეთ.
- დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა მუშაობდა სერიოზული ხარვეზებით. უდიდესი პრობლემები შეგვხვდა საზღვარგარეთის მოქალაქეობის მქონე დამკვირვებლების დარეგისტრირების პროცესში. აღნიშნული ფუნქცია იყო გათიშული და ასევე მხოლოდ ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგ მოხდა მისი გააქტიურება.
აღნიშნულს ვაფასებთ როგორც ცესკო-ს მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის გამიზნულად შექმნილ ბარიერებს.
- პრობლემები იყო ასევე ამომრჩევლების სიების მოპოვების პროცესშიც. ჩვენი მოთხოვნის და განცხადების მიუხედავად საქართველოს ამომრჩევლების ერთიანი სიის გადმოცემა ცესკო-ს მხრიდან არმომხდარა.
- პრობლემები დავაფიქსირეთ ასევე უცხოეთის უბნებზე მყოფი დამკვირვებლების სამკერდე ნიშნის ჩასადები ბუდეებით უზრუნველყოფის საკითხში. მიუხედავად ცესკო-ს დაპირებებისა, რომ ყველა დამკვირვებელს შეეძლებოდა არჩევნების წინა დღეებში უცხოეთის საარჩევნო უბნებში სამკერდე ნიშნის ჩასადები ბუდეების მიღება, აღნიშნული ბუდეების გაგზავნა უცხოეთის უბნებზე საერთოდ არ მოხდა და ამ პრობლემის შესახებ გახდა მხოლოდ ცნობილი არჩევნების წინა დღეს.
2.2 არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები
საარჩევნო უბნის დაგვიანებული გახსნა
- პარიზი, Nr. 42 უბანი
პროცედურული დარღვევები
- ქუთაისის Nr. 23.59.111 უბანზე ბიულეტენებზე არ ხდებოდა ბეჭდის დასმა
- იტალიის ქალაქ ბარში Nr. 28 უბანზე და ქალაქ რომში Nr. 27 უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება არ მოხდა კენჭისყრით
- მადრიდის Nr. 19 უბანზე არჩევნების დაწყებამდე საარჩევნო ყუთი დაილუქა შეცდომით ყუთის ღრიჭოს დასალუქი ლუქით
შეუსაბამობა მიღებული ბიულეტენების, კონვერტების და დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას შორის
- ბიულეტენების და კონვერტების რაოდენობა ყველა უბანზე როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ძირითადად ნაკლები იყო დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობასთან შედარებით, რომის Nr. 27 უბანზე კი პირიქით მეტი ბიულეტენი და კონვერტი ჰქონდათ მიღებული დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით (1147 ამომრჩეველი, 2012 ბიულეტენი). აღნიშნულის შესახებ დაიწერა საჩივრები და მოხდა ჩანაწერების წიგნში ჩაწერა
პრობლემები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით
- უცხოეთის უბნებზე (ბარი Nr. 28 უბანი, ბერლინი Nr. 14 უბანი, ფრანკფურტი Nr. 15 უბანი, ბრიუსელი Nr. 12 უბანი) ბევრი ამომრჩეველი არ აღმოჩნდა ამომრჩეველთა სიებში მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღნიშნავდნენ, რომ გაიარეს საკონსულო რეგისტრაცია ან საკონსულოდან ტელეფონით საუბრის დროს მიიღეს დასტური, რომ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
- გარდაცვლილი ადამიანი აღმოჩნდა სიაში ბერლინის Nr. 14 უბანზე
- ბათუმის Nr. 28.79.21 უბანზე ხმას აძლევდნენ ამომრჩევლები, რომლებიც კოვიდინფიცირებულთა სიაში აღმოჩდნენ
ხმების დათვლის პროცესის გახანგრძლივება.
- ბათუმის რიგ საარჩევნო უბნებში გაურკვეველი მიზეზების გამო დილამდე გაგრძელდა ხმების დათვლის პროცედურები
ელექტრო ენერგიის გათიშვა საარჩევნო უბანზე
- სამეგრელოში, ხობის Nr. 26.66.15 და Nr. 26.66.16 უბნებზე მოულოდნელად მცირე დროით გაითიშა ელექტროენერგია
ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა
- ბათუმში Nr. 28.79.20 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იყო შუა ოთახში დამონტაჟებული ისე, რომ უკანიდან ჩანდა ხმის მიცემის კაბინაში შესული ამომრჩეველი
- ქუთაისში Nr. 23.59.111 საარჩევნო უბანი მოწყობილი იყო სარკეებიან დარბაზში, სადაც სარკეების საშუალებით ადვილად შეიძლებოდა კაბინაში შესული ამომრჩევლის დანახვა
- თბილისში ნაძალადევის Nr. 07.09.12 უბანზე ამომრჩევლები ხმის მიცემის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გასაგონად ხმამაღლა აფიქსირედნენ თავიანთ არჩევანს და იძახდნენ საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს საარჩევნო ნომერს „41“-ს. აღნიშნულით დაირღვა არჩევნების ფარულობის პრინციპი, ხდებოდა აგიტაცია საარჩევნო უბანზე და აგრეთვე არსებობს ეჭვი, რომ ეს ხდებოდა ძალდატანებით, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებაზე მიანიშნებს.
პოლიტიკური აგიტაცია საარჩევნო უბანზე და ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე
- ახმეტის რაიონში სოფელ ზემო ალვანში Nr. 10.18.06 უბანი გახსნილი იყო საარჩევნო სუბიექტის „ Nr. 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს საარჩევნო შტაბის წინ, სადაც მოთავსებული იყო სააგიტატიო პლაკატები
- ქუთაისის Nr. 23.59.116 უბანზე მამაკაცი, რომელსაც ეცვა საარჩევნო სუბიექტის „Nr. 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სომბოლიკიანი მაისური, თავისუფლად გადაადგილდებოდა უბანზე და მას მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება
- ქუთაისში Nr. 23.59.106 საარჩევნო უბნის შესასვლელთან განუწყვეტლივ ისხდნენ საარჩევნო სუბიექტის „Nr. 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს აგიტატორები, რომლებიც ახორციელებდნენ, პარტიულ აგიტაციას, ამომრჩევლების კონტროლს და მათზე ზემოქმედებას. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ისინი არ ტოვებდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიას
დამკვირვებლების უფლებების დარღვევა
- რომის Nr. 27 უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ საარჩევნო უბანზე
- ჩვენს ორ საერთაშორისო დამკვირვებელს არ უშვებენ ერთდროულად ქუთაისის Nr. 23.59.108 საარჩევნო უბანზე
- ბერლინის Nr. 14 უბანხე დამკვირვებელს აუკრძალეს ვიდეო გადაღების განხორციელება
- ქალაქ ბარის Nr. 28 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ დამკვირვებელს უარი უთხრა საჩივრის დაწერაზე
- დამკვირვებლები, რომლებიც ბათუმში Nr. 28.79.20 უბანზე აპროტესტებდნენ დარღვევას, კერძოდ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლისთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მიცემას, პოლიციის ძალით გააძევეს უბნიდან საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის მიზეზით
- დარღვევების გაპროტესტების გამო დამკვირვებელი ასევე გამოაძევეს თბილისის მთაწმინდის უბნიდან
- თბილისში ნაძალადევის Nr. 07.09.12 უბანზე დამკვირვებლს არ აძლებდნენ უფლებას გაჰყოლოდა გადასატან ყუთს. მხოლოდ არაერთი დაჟინებული მოთხოვნის მერე მიეცა მას საშუალება თან გაჰყოლოდა გადასატან ყუთს საუბნო საარჩევნო კომისიის ორ წევრთან ერთად.
მარკირების წესების დარღვევა
- ახმეტის რაიონში სოფელ ზემო ალვანში Nr. 10.18.07 და Nr. 10.18.27 უბნებზე Nr. 5 ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მხარდამჭერ ამომრჩევლებს უკეთებდნენ მარკირებას სიაში შეამოწმებამდე. სიაში შემოწმების შედეგად აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს ამომრჩევლები სიაში არ იმყოფებოდნენ და სხვა უბანზე უნდა მიეცათ ხმა, რაც შეუძლებელი იყო, რადგან მათ წესების დარღვევით ჰქონდათ უკვე მარკირება გაკეთებული. მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე თბილისში სამგორის Nr. 05.06.106 უბანზე
- ბათუმის Nr. 28.79.90 უბანზე მარკირების მქონე ამომრჩეველს მისცეს ხმის მიცემის უფლება
ბიულეტენების ბათილად ჩათვლის წესების დარღვევა
- რომის Nr. 27 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისია ბათილად სცნობდა ბიულეტენებს იმ საბაბით, რომ არჩევანის დაფიქსირება მოხდა მუქი ფერის კალმით
ფიზიკური შეურაცხყოფა
- იტალიის ქალაქ ბარის Nr. 28 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მუშტი გაარტყა ამომრჩეველს
პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გადაღება
- ბერლინის Nr. 14 აარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენელი „Berliner Telegraph“-დან ახორციელებდა პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გადაღებას, რის გამოც დაიწერა საჩივარი. გარდა ამისა იგივე პიროვნება საარჩევნო უბანზე იწვევდა ხალხს პოლიტიკური შინაარსის დისკუსიებში.
2.3 არჩევნების შემდგომ დღეებში დაფიქსირებული დარღვევები
დამკვირვებლების უფლებების დარღვევა
- 2020 წლის 5 ნოემბერს საბურთალოს მე-3 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ დააპატიმრეს ჩვენი დამკვირვებელი მიხეილ ყაფლანიშვილი, რომელიც ითხოვდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებას. მასზე პოლიციის მხრიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე განხორციელდა ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას არაერთხელ განუმარტა, რომ ის იყო საერთაშორისო დამკვირვებელი, იგი მხოლოდ პოლიციის ხელმძღვანელობასთან პოლიციელების მიერ განხორციელებული რამდენიმე ზარის შემდეგ გაანთავისუფლეს. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს დამკვირვებლის უფლებების უხეშ დარღვევას.
ეს გახლდათ ჩვენი სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში არჩევნების მონიტორინგის შედეგების შესახებ. ჩვენი მისიის საბოლოო და უფრო დაწვრილებითი ანგარიში კი გამოქვეყნდება რამდენიმე კვირაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნოერზე: +995 597790504
პატივისცემით
ემიგრანტთა არასამთავრობო ორგანიზაცია #ერთადსახლში
2020 წლის 5 ნოემბერი